გამოხმაურებები ჩვენი ცენტრის შესახებ

ნინო ფიფია

არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი

„საგარეო საქმეთა სამინისტროში 2010 წლიდან ვმუშაობ. თავიდან სტაჟიორი ვიყავი ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნების სამმართველოში. გარკვეული პერიოდის მერე, კონკურსის წესით, ამავე სამმართველოში მესამე მდივნის თანამდებობაზე დავინიშნე. სამინისტროში მუშაობა საინტერესოა, სასარგებლო და რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლო. დროთა განმავლობაში, ისევე როგორც ყველგან, ვითარდები, გიჩნდება მოთხოვნილება, აკეთო მეტი და შესაბამისად, ამისათვის ისწავლო მეტი, რადგან ახლის შესწავლა არასოდესაა გვიანი. ასე შევუერთდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრს, სადაც კოლეგებთან ერთად გავიარე “საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა“.

განრიგი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, თუმცა აუცილებელი და საჭირო იმისთვის, ვინც საკონსულო საქმიანობის შესრულებას გეგმავს მომავალში. კურსი მრავალფეროვანი იყო, ლექციებს სხვა უწყებების წარმომადგენლებიც გვიტარებდნენ და რამდენიმე თვის შემდეგ გამოცდის ჩაბარებაც მომიწია. გულახდილად ვიტყვი, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო გამოცდა იყო ჩემს ცხოვრებაში (არადა უამრავი გამოცდა ჩამიბარებია) მაგრამ ალბათ, ესეც თანმდევი ნაწილია იმ პროცესისა, რასაც პროფესიული ზრდა ჰქვია.

ამჟამად არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე ვმუშაობ. ვითავსებ საკონსულო ფუნქციებსაც, რომლის შესრულებაც ნამდვილად გამიჭირდებოდა, რომ არა სასწავლო ცენტრში გავლილი კურსი და ჩემი კოლეგების მხარდაჭერა, რასაც ყოველთვის ვგრძნობ. მინდა ამისთვის ყველას მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, მომავალში ცენტრი მეტად გაფართოვდება, გაიზრდება და კიდევ ბევრ დიპლომატს დაეხმარება პროფესიულ წინსვლაში.

 

აჩიკო სუდაძე

I მდივანი

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის

რესპუბლიკასა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში

2013 წელს გავიარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ეგიდით ორგანიზებული დიპლომატიური კურსი. კურსს უძღვებოდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები/მოწვეული ლექტორები. მიმაჩნია, რომ აღნიშნული კურსის გავლის შედეგად მეც და ჩემმა კოლეგებმაც მივიღეთ მეტად საჭირო ინფორმაცია და ცოდნა, რომელსაც ძალიან ეფექტურად ვიყენებ ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. დიდ მადლობას ვუხდი ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის თითოეულ თანამშრომელსა და იმ ლექტორს, რომლებიც გამოირჩევიან სათანადო პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით.

2014 წელს ასევე გავიარე „კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა“ (CLDP). აღნიშნული კურსი გამოირჩეოდა იმით, რომ თითოეულმა მონაწილემ და ლექტორმა ერთობლივად განვიხილეთ, როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების გზები, ასევე, ვისაუბრეთ მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ტიპებზე. რაც მთავარია, კურსი იძლევა საუკეთესო საშუალებას, რომ ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ქართველმა დიპლომატმა მოახდინოს მიღებული ცოდნის აკუმულირება და შემდგომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში მისი ეფექტური გამოყენება. კურსის ფარგლებში გადმომეცა სახელმძღვანელო წიგნი „საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური დიპლომატია“, რომელიც მუშაობის პროცესში გახდა ჩემი სამაგიდო წიგნი.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და თითოეულ ლექტორს გაწეული შრომისთვის.

 

ლუკა სართანია

I მდივანი

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

„საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის მიერ ახლად დანიშნული თანამშრომლებისთვის განხორციელებული ექვსთვიანი კურსის ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომლებმა მივიღეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოსათვის პრიორიტეტულ თემებზე, ასევე სხვადასხვა რეგიონისა თუ ქვეყნის კულტურასა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე. აღნიშნული კურსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დიპლომატიური კადრების პროფესიულ ზრდაში. მისი დამსახურებით მონაწილეებს მოგვეცა შესაძლებლობა აგვემაღლებინა კვალიფიკაცია იმ კონკრეტულ სფეროებში, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის. კურსის ფარგლებში ლექციებს კითხულობდნენ უდიდესი გამოცდილების მქონე, როგორც ქართველი, ისე უცხოელი დიპლომატები და ექსპერტები. მოწვეულმა სპეციალისტებმა საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების გარდა, გაგვიზიარეს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობისას მიღებული პირადი გამოცდილება. აღნიშნულის შედეგად, პროგრამის მონაწილეებმა მნიშვნელოვნად გავიღრმავეთ პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ასევე პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი დრო დაეთმო მოლაპარაკებების წარმართვის, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის უნარებს. უნარებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ინტერესების დაცვისა და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის.

უპირველესად მსურს წარმატებები ვუსურვო სასწავლო ცენტრს მომავალ საქმიანობაში. ცენტრი თავისი საქმიანობით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართველი დიპლომატების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ასევე, სასწავლო ცენტრს მინდა ვუსურვო გაფართოება, განსაკუთრებით კი, დიპლომატებისათვის არსებული ხანგრძლივი კურსის მეტი მონაწილე, რადგან მიმაჩნია, რომ ცენტრის მიერ ჩატარებული წარმატებული კურსი პირდაპირ აისახება მის მონაწილე თითოეული ქართველი დიპლომატის წარმატებულ საქმიანობაზე. ქართული დიპლომატიის წარმატება კი ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“.

 

შოთა დოლიძე

ვიცე-კონსული

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

„პირველ რიგში, დადებითად ვაფასებ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე ფუნქციონირებს სსიპ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართული დიპლომატიის აღმშენებლობის თვალსაზრისით.

სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ თურქული ენის მოსამზადებელი კურსის შესახებ, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად დროის სიმწირისა ხსენებული კურსი ორგანიზაციული და სასწავლო პროგრამის თვალსაზრისით უმაღლეს დონეზე ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ საკონსულო ფუნქციებიდან გამომდინარე ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა, როგორც საჯარო, ასევე არასაჯარო პირებთან და მათთან კომუნიკაციის დამყარება ხორციელდება თურქულ ენაზე. რომ არა ხსენებული კურსი, პირველ ეტაპზე თურქული ენის, თუნდაც საბაზისო დონეზე არცოდნის გამო, გარკვეული თვალსაზრისით გამიჭირდებოდა კომუნიკაციის დამყარება.

ხსენებულიდან გამომდინარე, მადლობას მოგახსენებთ, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობას, ასევე დიპლომატიური სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს და გისურვებთ წარმატებებს ყოველდღიურ საქმიანობაში“.

 

კატერინა ოსენოვა

აღმოსავლეთ ევროპის/ევრაზიის პროგრამების მენეჯერი

კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი

აშშ-ის კომერციული დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამამ (CLDP) სამი წლის მანძილზე წარმატებით ითანამშრომლა დიპლომატიურ სასწავლო ცენტრთან. ტრენინგ ცენტრის თანამშრომლების კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP) აქტიური მუშაობის შედეგად შემუშავდა კომერციული დიპლომატიის ინსტიტუციონალიზებული კურიკულუმი და სახელმძღვანელო ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე დიპლომატებისათვის. ეს ყოვლისმომცველი სახელმძღვანელო დაწერილია ქართველი სპეციალისტების მიერ და მოიცავს ისეთ ფართო სპექტრს, როგორიც არის სავაჭრო პოლიტიკა, საერთაშორისო კომერციული დავების გადაჭრა. სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია პრაქტიკული რჩევები და რესურსები სხვადასხვა საელჩოებში მყოფი კომერციული დიპლომატებისათვის. სასწავლო ცენტრის მუშაობამ საგრძნობლად გააუმჯობესა საქართველოს დიპლომატების ცოდნის ბაზა. არ შეიძლება არ აღვნიშნო სასწავლო ცენტრის მუშაობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვინაიდან სწორედ საქართველოს დიპლომატიური კორპუსი ახდენს გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე. კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) მოხარული იქნება კვლავ გააგრძელოს თანამშრომლობა დიპლომატიურ სასწავლო ცენტრთან.

 

კახი ქენქაძე

უფროსი მრჩეველი

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი ქართული დიპლომატიის აკადემიური ინსტიტუციონალიზაციის წარმატებული მცდელობაა. აქ ხდება ქართველი დიპლომატების მიერ დაგროვილი ცოდნისა და ემპირიული გამოცდილების შეჯერება და გაზიარება. ამავდროულად, ის იზიდავს დიპლომატებსა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ქართველ დიპლომატთა ახალგაზრდა თაობას სამინისტროდან გაუსვლელად საშუალებას აძლევს თითქმის პერმანენტულ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური საერთაშორისო მოვლენების შესახებ. ჩემთვის უდიდესი პატივი და სიამოვნება იყო წამეკითხა ლექციები იმ ცენტრში, რომელიც ჩემი კოლეგისა და მეგობრის ლევან მიქელაძის სახელს ატარებს - დიპლომატისა, რომელიც ჭეშმარიტებას ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა აყენებდა. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაია ყიფშიძეს ცენტრის თვისობრივი გარდაქმნისათვის და ვუსურვო მას და მის ნიჭიერ გუნდს შემდგომი წარმატებები ამ დიდ ეროვნულ საქმეში.

 

რატი მამფორია

III მდივანი

საკონსულო დეპარტამენტი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

„შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და დიპლომატად ჩამოყალიბებაში. ჯერ კიდევ რეზერვში ყოფნის პერიოდში ჩავერთე სასწავლო ცენტრის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაში ახალგაზრდა დიპლომატებისთვის, რომელმაც საშუალება მომცა სხვადასხვა სექტორის მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან მიმეღო ცოდნა ყველა იმ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია დიპლომატისთვის საქმიანობის წარმატებით და პროფესიონალურ დონეზე წარმართვისთვის. მრავალ მოკლევადიან პროგრამასთან ერთად, ასევე გამოვყოფდი ცენტრის მიერ განხორციელებულ გრძელვადიან კურსს, „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალურ სასწავლო პროგრამას“, რომელმაც უკვე კონკრეტული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მომცა იმ თემების ირგვლივ, რომლებიც საკონსულო საქმიანობას ეხება.

მინდა სასწავლო ცენტრს დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის და მომავალში გაფართოება და კიდევ უფრო მეტი პროფესიონალის აღზრდა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”.

 

იანის დრეიმანისი

თავდაცვის ატაშე

ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

დიდ მადლობას გიხდით ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის მესწავლა ქართული ენა. ქართული ენის საბაზისო ცოდნა უკვე მეხმარება ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. მომავალში აღნიშნული კურსის გაგრძელების შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით მივიღებდი მასში მონაწილეობას...

 

იორდან ტენევ

ატაშე ეკონომიკურ საკითხებში

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

ქართული ენის სწავლა ძალიან კარგი იდეა იყო. სასიამოვნო იყო ქართული ენის შესწავლის მსურველ კოლეგებთან შეხვედრა. ........ დიდ მადლობას ვუხდი ხათუნას (მასწავლებელი), თქვენ და თქვენს კოლეგებს სასწავლო ცენტრიდან და ასევე ამ იდეის ინიციატორებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.