ელჩების მეუღლეების პროგრამა
20.07.17
ა. წ. 20 ივლისს, ,,ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისათვის ჩატარდა რიგით მეხუთე სპეციალური კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამა, რომლის მიზანია ელჩების მეუღლეების მნიშვნელოვანი როლის კიდევ მეტად წარმოჩენა და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, კულტურული დიპლომატია, ტურიზმის ინდუსტრიის მიმოხილვა, ქართული დამწერლობა და ხელნაწერები, საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები, ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის პროგრამა, თანამედროვე ქართული ბალეტი. შეხვედრის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მეუღლემ, ნინო ლეჟავამ, როგორც სამხრეთ აფრიკაში დიპლომატების მეუღლეების ასოციაციის კოორდინატორმა, მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია სამხრეთ აფრიკაში წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.
პროგრამა დასრულდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში - ხელოვნების სასახლეში ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც მუზეუმის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ სტუმრებს მუზეუმის საგამოფენო დარბაზები და სიძველეთსაცავის უნიკალური კოლექციები, მათ შორის ექსპოზიცია ,,ქართული კოსტუმის მრავალსახეობა“ დაათვალიერებინა.
|